3-11-2021
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივრცე, ვინმემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს.
1832 უბნიდან, ამ წუთის მდგომარეობით, გადათვლილია 259 უბანი, რაც უბნების 14 პროცენტს შეადგენს. გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა.
მაგალითად, თბილისში, ჩვენს კანდიდატს კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების 0,005 პროცენტია.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც დაახლოებით იგივე პროცენტს შეადგენს.
ბათუმში არჩილ ჩიქოვანს დაემატა 1 ხმა, გიორგი კირთაძესაც დაემატა 1 ხმა.
ზუგდიდში მამუკა წოწერიას დაემატა 1 ხმა, ანზორ მელიას - არცერთი.
ქუთაისში დეკანოიძეს არცერთი ხმა, ხახალეიშვილს 2 ხმა დაემატა.
გადათვლებით, ყველაზე მეტი - 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში. მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ, შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა.
საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილება გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები პრაქტიკულად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.
ხაზგასასმელია, რომ გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მით უმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე. როგორც აღვნიშნეთ, გამონაკლისი ცვლილებები პროცენტებში მეათასედებს შეადგენს.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების კარგი ადმინისტრირებისთვის და საზოგადოებას, რომელმაც ეს გამარჯვება უზრუნველყო" - აცხადებს მდინარაძე.