გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო სახალხო არტისტებისთვის გაზრდილ სტიპენდიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება

6-11-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გია ჭანტურიას მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახალხო არტისტებისთვის სტიპენდია 300 ლარით განისაზღვრა და ასეთი არის სულ 30 ადამიანი.


"ბუნებრივია, რომ კულტურის სფეროში ნებისმიერი დადებითი სიახლე აღიზიანებდეს ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების დროსაც, კულტურისა და სხვა სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკებს „ჩარეცხილებს" უწოდებდნენ.


სინამდვილეში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 400 ლარიდან 600 ლარამდე, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე გია ჭანტურიას მიერ ცრუ ინფორმაციაში მითითებული 300 ლარი. ამასთან, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ეს ცვლილება შეეხო არის 118 და არა 30, როგორც ამის შესახებ გია ჭანტურიამ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა ღვაწლმოსილი, 70 წელს გადაცილებული პირები არიან.


გარდა ამისა, „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულტურის იმ მუშაკებს, რომლებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.


ყოველივე ეს მოწმობს, რომ კულტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ღვაწლმოსილი ადამიანები მეტად დაფასდნენ. ცხადია, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ სახელმწიფოს რესურსიც შეზღუდულია და სწორედ ამიტომ კულტურის სფეროში ეტაპობრივად ხორციელდება ისეთი ცვლილებები, რაც კულტურის მუშაკების დაფასებასა და მათ სოციალურ უზრუნველყოფას გულისხმობს" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930