4-06-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმილი დროებით საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე იქნება.
ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა დისკუსია და ამ ძალიან რთულ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სერგი კაპანაძის კანდიდატურა შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, სერგი სრული პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ამოცანის შესრულებას",- განაცხადა ბოკერიამ.
თავად სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის მიერ გასაწევი სამუშაო მარტივი არ იქნება, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კითხვები აღარ არსებობდეს.
„ძალიან რთული სამუშაოა, მარტივი არ იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“, ეს კომისია და პირად მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. ჩვენ გამოვიყენებთ ამ კომისიის ყველა იმ ინსტრუმენტსა და ბერკეტს, რაც კანონით არის გათვალისწინებული“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა, დღეს კი „ევროპულმა საქართველომ“ ამ კომისიის ხელმძღვანელი დასახელა.