15-11-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ლევილ-სიურ-ორჟს ეწვია და საქართველოს კუთვნილი მამულის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, სამინისტროში ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტის კოორდინატორი გოჩა ჯავახიშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე. ადგილზე დელეგაციის წევრებს ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი და ტიერი ბერიშვილი დახვდნენ.
დელეგაციის წევრებმა ლევილის მამული სრულად დაათვალიერეს, მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და ირენ ციციშვილისა და ტიერი ბერიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს მამულის წინაშე მდგარი ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ. მოცემული ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა დროული და არსებული გამოწვევების შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს ლევილის მამულის რეაბილიტაციისა და ადგილზე ქართული კულტურის კერის მოწყობის მიზნით.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული, 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად.
მამულის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის განხორციელებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს დაიწყო, ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია" და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ამ ეტაპზე დასრულებულია სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი", რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.