15-11-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები განკარგულებაში „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ", რომლის თანახმად, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება.
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.
ევროკავშირის პროგრამით 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.