გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა

16-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 50 მილიონიან ფონდზე, Catapult Georgia One-ზე, რომელიც საქართველოში დაფუძნებული პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი იქნება. აღინიშნა, რომ ფონდი ინვესტიციას განახორციელებს ქართულ ინოვაციურ სტარტაპ-კომპანიებში და ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდას გლობალურ ბაზარზე.


პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო, გლობალური კონკურენციის პირობებში, ინოვაციების უფრო სწრაფად განვითარების მნიშვნელობას.


ასევე ყურადღება დაეთმო ქართული სტარტაპების წარმატებას და აღინიშნა, რომ საქართველოს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.


Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი ქოლინ მაიკლ დონოჰიუ, US Market Access Center - ის თანადირექტორი კრისტოფერ მილტონ ბარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930