გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ ვერ ეუბნებით მხარდამჭერებს, რომ არჩევნები წააგეთ და ერთადერთი რასაც აკეთებთ მარცხიდან სხვა საკითხზე ყურადღების გადატანაა

16-11-2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს, ბოლო დროს ოპოზიციის ქმედებებზე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი მკურნალობის საკითხებზე ისაუბრა.


„არჩევნების დასრულებამდე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის. ეს პერიოდი არის ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ პოლიტიკური მარცხისგან ყურადღება სხვა ნებისმიერ საკითხზე გადაიტანოს, რომელზეც შეიძლება რაიმე ემოცია შეიქმნას ჩვენ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ვუხდი ჩვენ საზოგადოებას მადლობას მხარდაჭერისთვის და მოთმინებისთვის.


ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება" მომავალზეც აიღებდა პასუხისმგებლობას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან არჩევნებში გავიმარჯვეთ. მომავალზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ზუსტად ახლა ვმუშაობთ ჩვენ მომავლის ბიუჯეტის პროექტზე, განათლების, სოციალური, ინფრასტრუქტურულის მიმართულებებზე და ზუსტად ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო.


რაც შეეხება ოპოზიციონერების რიტორიკას - ზოგიერთი კოლეგა ძალიან შეწუხებული გამოვიდა, რომ „რა ხდება ამ ქვეყანაშიო, როგორ შეიძლებაო მიხეილ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე და მათ დღის წესრიგზე ვილაპარაკოთო". მართლა გინდათ თქვენ, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ?! რაღაც მედიაზე არ გეტყობათ, რომ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ. ერთს ლაპარაკობთ, მეორეს აკეთებთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - თქვენი ყველანაირი აქტივობა ამ ორი თვის და ამ კვირეების განმავლობაში ერთადერთ სახელს ატარებს - თქვენ ვერ ეუბნებით თქვენს მხარდამჭერებს, რომ არჩევნები წააგეთ და ერთადერთი რასაც აკეთებთ არის ყურადღების გადატანა მარცხიდან სხვა საკითხზე.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითა და მოუწოდა მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო სახელმწიფოს სთხოვა ინფორმაცია თუ რამდენად არის ის მზად შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით. დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო პერსონალით, რომელიც მზად არის როგორც მიმდინარე, ასევე კრიტიკული სიტუაციებისთვის.


და მაინც მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით და დღესაც ეს კითხვა აქტუალურია - რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები მის გადაყვანას ითხოვენ სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. დღემდე არც მისი დაცვის მხარისგან და არც მისი პოლიტიკური მეგობრებისგან ამაზე პასუხი არ მოგვისმენია. სამაგიეროდ ადამიანებისგან, ვინც აქ სხდომებს აცდენენ მოვისმინეთ და ერთ-ერთს წამოცდა მიტინგზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანა არის სააკაშვილი ჯერ გადავიყვანოთ კლინიკაში და შემდეგ გავათავისუფლოთო! ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930