5-06-2018
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია.
კილაძე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებითა და ესპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, გოგა თვაურის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის ახლობელია, უშუალო მონაწილეობით მოხდა.
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის ინტერესი იყო, პრობლემები შექმნოდა ირაკლი შოთაძეს, რადგან შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ქუმსიშვილის, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.
„ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეში ჩნდება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც რეალურად დაიწყო ხორავის ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბება. ეს, ჩემი ინფორმაციით, და მე, რასაკვირველია, წყაროს ვენდობი, მოხდა დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით, გოგა თვაურის უშუალო მონაწილეობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
ქუმსიშვილის ინტერესი იყო რომ რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნოდა ირაკლი შოთაძეს და მან მოახერხა კიდეც მოდი, პირდაპირ ვთქვათ ეს - იმიტომ, რომ შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მისი, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.
ეს გახლავთ კორუფციული სქემები ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მათ შორის, საგზაო დეპარტამენტშიც და ის პროექტები, რომელშიც უშუალო მონაწილეობა ჰქონდა დიმიტრი ქუმსიშვილს, როგორც ეკონომიკის მინისტრს და ზურაბ ალავიძეს, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს. დაახლოებით, მილიარდ ლარზეა საუბარი, რა ფარგლებშიც გამოძიება მიდის.
ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი მთავარი პროკურორი მოახერხებს თუ არა იმას, რომ ეს თითქმის გამოძიებული და დასრულებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს. მე მგონია, რომ ჩვენ წინ საკამოდ სკანდალური ზაფხული გველის. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პირდაპირ საპატიმრო ღონისძიება იქნას გამოყენებული პირველი ვიცე პრემიერის მიმართ", განუცხადა ელისო კილაძემ „რუსთავი 2"-ს.