21-11-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში „საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა მეათე ეროვნული (რეგიონული) კონკურსის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა" გამარჯვებულია და ის მიმდინარე წლის ოქტომბერში ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირის - საქართველოს სამუსიკო საზოგადოების (თავმჯდომარე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი) მიერ განხორციელდა. კონკურსის 16 გამარჯვებულს უმაღლესი ხარისხის დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცა; ხოლო დანარჩენ მონაწილეებზე გაიცა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის და მონაწილის დიპლომები. სპეციალური დიპლომები მიიღეს სამუსიკო სკოლის დირექტორებმა კონკურსში მონაწილეობისთვის.
„საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა მეათე ეროვნულ (რეგიონული) კონკურსში" მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვდასხვა რეგიონის (კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის) სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებმა, ჯამში - 23 სამუსიკო სკოლის 85 მოსწავლე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული არაერთი ახალგაზრდა, რომელთათვის კონკურსში მონაწილეობა დიდ მოტივაციას წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულთა მონაწილეობით მუსიკალური ნომრები შესრულდა.