გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდის პარკი "ახალი ღვინის ფესტივალს" მასპინძლობს

27-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება.


ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2020 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.


"ახალი ღვინის ფესტივალი" საქართველოს ,,ღვინის კლუბის" პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.


„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის" მხარდამჭერია. ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება. ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად, რომელთაც საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


ფესტივალი, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული იყო ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის "უსახელაური", რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ფესტივალის სტუმრებს მიეცათ.


„ახალი ღვინის ფესტივალზე" წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ. წარსადგენი ღვინოები „ღვინის კლუბის" სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა.


COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, ფესტივალი რეკომენდაციების წესების დაცვით იმართება. გასულ წელს, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930