28-11-2021
გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations" მიერ იყო ორგანიზებული და მას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations" ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.