1-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების წინაშე სიტყვით წარდგა და მათ 2021 წლის განმავლობაში განათლების ყველაზე საფეხურზე განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა გამოსვლა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების მიმოხილვით დაიწყო.
„ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა, როგორც ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განვითარების წინაპირობა. ამიტომაც ადრეული და სკოლამდელი განათლება ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, სამინისტრომ შეასრულა ამ მიმართულებით კანონით აღებული ყველა ვალდებულება. შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები, რომლის მონიტორინგიც აქტიურად მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სისტემაში პირველად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო, მიმდინარეობს განმავითარებელი და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში უკვე დაწყებულია პროგრამის პილოტირება.
მიმდინარეობს საჭიროებებისა და მუნიციპალურ დონეზე შესაძლებლობებისა და მზაობის კვლევა მომავალში ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დანერგვის მიზნით. სამინისტროს მხარდაჭერით ძლიერდება მუნიციპალიტეტები სკოლამდელი განათლების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებში, ასევე საბავშვო ბაღები – საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.
პირველად სისტემაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, განახორციელებს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას და მათ ეტაპობრივ ავტორიზაციას 2022- 2030 წლებში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, სადაც აღმზრდელ-პედაგოგები მომზადდებიან. ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.
მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება. ახალი თაობის აღმზრდელ პედაგოგებს დახვდებათ განახლებული სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების მოქნილი სისტემა. ვითარდება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები.