2-12-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრ მიკლოშ კაშლერს შორის შეხვედრა გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე, სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ხიზანიშვილი, სამინისტროს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე ესწრებოდნენ. უნგრეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილე, ზოლტან ლორინჩი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა სიკო და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას. მინისტრებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გზები განიხილეს. ამასთან, გაიმართა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლონ ქართველმა და უნგრელმა ერებმა გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის ფონზე ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება.
თეა წულუკიანსა და მიკლოშ კაშლერს შორის საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-უნგრეთის კულტურული ურთიერთობების ერთ-ერთი სიმბოლოს, უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის მოღვაწეობაზე. შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგას გადასცა საქართველოში მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთან, მიკლოშ კაშლერს საქართველოს კულტურის მინისტრმა ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე უნგრეთის მხრიდან სრული მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციისთვის, 27 აპრილს თეა წულუკიანისა და საქართველოში უნგრეთის ელჩის, ვიქტორია ჰორვატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უნგრელი ფერმწერის და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის შექმნის ინიციატივა უნგრეთის ელჩის მიერ სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა. თეა წულუკიანმა სრულად გაიზიარა ელჩის ინიციატივა და შედეგად, 2021 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა "მიხაი ზიჩის მარშრუტი საქართველოში".