გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„rg.kiev“ (უკრაინა): „ქართული ოცნების“ დასასრული? ოხლოკრატიის მარში

7-06-2018

„სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს, რომ ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ყველა მიზეზითა და საბაბით სარგებლობა შეიძლება. თბილისში ამ დღეებში მომხდარი მოვლენებიც ამას ადასტურებს“, - ნათქვამია უკრაინული გამოცემის, «Рабочая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ქრონიკა, მისი მამოძრავებელი ძალები, გაჟღერებული განცხადებები და საერთოდ, რით დაიწყო აქცია და რაში გადაიზარდა, ანუ როგორ მოხდა მიტინგის ტრანსფორმაცია.


ცნობისათვის: „ოხლოკრატია“ ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ბრბოს ბატონობას“, დღეს კი რომელიმე პოლიტიკური ძალის (ძალების) გასაქილიკებლად იხმარება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ვიქტორ მიხაილოვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„მას შემდეგ, რაც ღამის კლუბებში ნარკოტიკთა აკრძალვის მოწინააღმდეგეთა მიტინგმა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზება ვერ მოახდინა, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მიზეზი ამჯერად პროკურატურის მიერ მოზარდების მკვლელობი საქმის არაობიექტურად გამოძიება და სასამართლოს შესაბამისი ვერდიქტი გახდა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, სკოლის მოსწავლის მშობელმა ზაზა სარალიძემ პროკურატურის მიერ განხორციელებულ გამოძიებას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სრული უნდობლობა გამოუცხადა - მისი აზრით, ჭეშმარიტ დამნაშავეებს სამართლადამცველები მფარველობენ. მის მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, ისინი მოითხოვდნენ სამართლიან, ობიექტურ გამოძიებას და რეფორმების განხორციელებას სამართალდამცველი ორგანოების სისტემაში. საპროტესტო აქციას ქართული პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

მოგვიანებით თვითონ ზაზა სარალიძემ კატეგორიულად უარყო პოლიტიკასთან რაიმე კავშირი და განაცხადა, რომ ამგვარი ხმების გავრცელება სიცრუეა. „ნუ ცდილობს ხელისუფლება და მისი უშიშროების სამსახური მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკასთან დაკავშირებას“, - აღნიშნა მან.


დამკვირვებლების ერთმა ნაწილმა ზაზა სარალიძის განცხადებას სრულ დემაგოგიად მიიჩნია, მეორე ნაწილმა კი ჩათვალა, რომ იგი სრულიად გულწრფელად ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ზაზა სარალიძის წუხილი და დარდი გასაგებია, ვერაფერს იტყვი შვილმკვდარი მშობლის უდიდეს ტრაგედიაზე. მაგრამ ისმება კითხვა: რამდენად მისაღებია ასეთი საბაბით სახელმწიფოს პარალიზება? უნებლიეთ შეიძლება ძველი, ისტორიით გამოცდილი აფორიზმი გაგვახსენდეს: „რევოლუციას აწყობენ გულწრფელი რომანტიკოსები, შედეგებით კი თვალთმაქცები და ნაძირლები სარგებლობენ“.


მიტინგის საწყის ეტაპზე პოლიტიკოსებს სიტყვას არ აძლევდნენ, გამოდიოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც გამოძიების შედეგებით იყო უკმაყოფილო, ვისაც არ მოსწონდა პროკურატურის მიერ განხორციელებული გამოძიება და სასამართლოს გადაწყვეტილებები, შემდეგ კი ნელ-ნელა კონკრეტული მაღალჩინოსნების გადადგომაც მოითხოვეს. თითქოსდა პოლიტიკისგან შორს იდგნენ, მაგრამ... არის თუ არა პოლიტიკური განცხადება მთავარი პროკურორისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა? მით უმეტეს, როცა გიორგი კვირიკაშვილი მიტინგზე მივიდა, მას სტვენით შეხვდნენ, პლასტიკური ბოთლები ესროლეს, რასაც „წადი-წადი“-ს ტრადიციული ყვირილი მიაყოლეს. მხოლოდ ზოგიერთმა ექსპერტმა გაიხსენა, რომ იგივეს უყვიროდა 15 წლის წინათ ამავე ადგილზე ედუარდ შევარდნაძეს მისივე გამოზრდილი მიხეილ სააკაშვილი... ანუ ისტორია ხშირად წრიულად ვითარდება.


ოპოზიციონერებმა სიტუაციით ისარგებლეს და საზოგადოებას „ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის“ შეცვლისაკენ მოუწოდეს. ასეთი განცხადებები გააკეთეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ, მათ მიემხრო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია..


მორიგი საშინაოპოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკური ქულების დაგროვება სცადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. იგი პირადად ეწვია ზაზა სარალიძეს და შუამავლობა შესთავაზა ხელისუფლებასთან კონტაქტებში, საპროტესტო აქციაზე მივიდნენ პრეზიდენტის ცოლ-შვილიც... გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯის ახსნა იოლია: რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს [და რადგან მას მეორედ არჩევის შანსი არ აქვს], იგი კვლავ იმ პოლიტიკურ დავიწყებაში ჩაიძირება, საიდანაც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ამოიყვანა... ჰოდა, რა მოხდა, იქნებ ამ არეული ფონით პრეზიდენტმაც ისარგებლოს...

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930