7-12-2021
საქართველოს პარლამენტში ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა.
სიმბოლური ლენტი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გაჭრეს.
„მარო მაყაშვილი პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და სიმბოლურია, რომ პარლამენტში მისი სახელობის დარბაზს ვხსნით, რომელიც თაობებს დარჩება",- ამის შესახებ კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არის სიმბოლო, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
„დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც აქ სტუმრებს მივიღებთ, მათ შორის, ჩვენს პატარებს, ახალგაზრდა თაობებს, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ უფრო მეტი შეიტყონ არა მხოლოდ მარო მაყაშვილზე, არამედ ყველა იმ ქალბატონზე, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.
ყოველთვის, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები და გენდერულ და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე ვსაუბრობთ, სიამაყით ვამბობთ, რომ მაშინ, როდესაც ქალებს ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძოლა უწევდათ, საქართველოში ქალები უკვე წარმომადგენლობით ორგანოში იყვნენ არჩეულნი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია და უდიდესი სიამაყე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კახა კუჭავამ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის - საერთაშორისო პარტნიორებს, ხოლო გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს - პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზის გახსნა ქალების გაძლიერების დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი ნაბიჯია.
„გენდერული საბჭოს ფარგლებში, ძალიან ბევრს ვფიქრობთ გენდერული მეინსტრიმინგზე და როდესაც დავფიქრდით, თვითონ პარლამენტის შენობაში მხოლოდ ერთი დარბაზია თამარ მეფის სახელობის და საქართველოში ისტორიაში სხვა გმირი თავდადებული ქალების როლი ამ კუთხით არ იყო გამოკვეთილი. მარო მაყაშვილი იყო ადამიანი, ეროვნული გმირი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.
ამ დარბაზში უამრავ კანონპროექტზე იქნება მსჯელობა, ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ პარლამენტარები და ზუსტად ვიცი, ამ დარბაზის სულისკვეთება თითოეულ მათგანს განაწყობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გენდერულად მგრძნობიარე", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს: შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ისტორიული დისკურსი წარმოადგინა.
ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს საჯარო ლექცია თემაზე: გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემა და მისი გავრცელება საქართველოში.
16-11-2024
16-11-2024