10-12-2021
საქართველოს ეროვნული ბანკი, მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტების შექმნის მიზნით განმეორებით კონკურსს აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერიიდან "საქართველოს მეფეები“ შეირჩა ის მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საკოლექციო სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალეს ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას აღნიშნული სერიის ფარგლებში მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად, ამ მიზნით აცხადებს ახალ კონკურსს შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად.
მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.