გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონების აწყობის პროცესს გაეცნო

11-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას “IBA” ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ციკლოტრონების მწარმოებელ წამყვან კომპანიაში IBA ციკლოტრონების აწყობის პროცესი დავათვალიერეთ. როგორც მოგეხსენებათ, ადრონული თერაპიის ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი – ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან წამყვანმა მეცნიერებმა უკვე გამოხატეს დიდი ენთუზიაზმით თავიანთი სურვილი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში. ამჟამად ციკლოტრონები გადის ტესტირების პროცესს“.

 

აღსანიშნავია, რომ მკურნალობისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება.

 

 „როგორც მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“ ქუთაისში ახორციელებს მეგა-პროექტს, რომლის ფარგლებშიც ძალიან მალე გაიხსნება ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიცინის, ისე ზოგადად, ფიზიკის განვითარების მხრივ საქართველოში. აღნიშნული პროექტი სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა. 

 

სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი: „დღევანდელი დღე გახლავთ ყველაზე ემოციური მომენტი ჩვენს საქმიანობაში – ვიმყოფებით კომპანია IBA-ში, სადაც ჩვენი შეკვეთილი ერთ-ერთი ციკლოტრონის წარმოება და ტესტირება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ ნაწილში უახლოეს თვეებში დასრულდება ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისში ადრონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტს მიიღებს“.

 

“IBA”-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONEsolution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

„კომპანია IBAადრონული თერაპიისცენტრისთვის აღჭურვილობას აწარმოებს. გვეამაყება ეს თანამშრომლობა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის დიდი პროექტი და ადრონული თერაპიის ცენტრის სისტემა სიმსივნით დაავადებული პაციენტების, განსაკუთრებით კი ბავშვების მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. ამ სარგებლის გარდა, უნივერსიტეტსა და IBA-ის შორის არსებული თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა “IBA”-ის დამფუძნებელმა ივ იონგენმა.

 

ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930