14-12-2021
„სიტყვა შერიგების პარალელურად, ჩნდება ტერმინი „საზოგადოების გამთლიანება", რაც, თავისთავად, სასიამოვნო ჟღერადობისა და სასარგებლო შინაარსის მატარებელია თუ საზოგადოება ორ ან მეტ ნაწილადაა გახლეჩილი. ჩვენს შემთხვევაში, საზოგადოების გახლეჩასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ - საზოგადოების ბრძოლასთან ბოროტების წინააღმდეგ, რომელმაც, 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, დაკარგა და გაასხვისა ტერიტორიების 20%“, - წერს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
„საზოგადოების დაშინებისა და დატერორების მიზნით, ქუჩებში ჩახოცა 170-ზე მეტი ახალგაზრდა, ციხეებში დაამყარა სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მართვის ფორმა, დახვრიტა მიტინგები და გვამები შემოყარა სახურავებზე, დახურა ან დაიმორჩილა თავისუფალი ტელევიზიები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რეჟიმმა ნორმად აქცია მასობრივი თვალთვალი და მიყურადება, ბოლშევიკური მეთოდებით გააკულაკა ათი ათასობით ქართული ოჯახი, რომლებიც დღემდე დაეძებენ სამართალს და ითხოვენ წართმეულის დაბრუნებას.
ჯიბეში ჩაისვა სასამართლოები, სადაც გამამართლებელი განაჩენი ათჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სტალინურ-ბოლშევიკური მმართველობის დროს.
რეჟიმი, მტკიცებულებების გარეშე, იჭერდა, აპატიმრებდა და აწამებდა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობითა და სიკვდილიანობით.
პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი ელიტარული კორუფცია, რომელიც კანონის მიღმა ხსნიდა და ხურავდა არაოფიციალურ ანგარიშებს, სადაც საპროცესო შეთანხმებისა და სხვაგვარი გარიგების გზით თავისუფლების სანაცვლოდ, ხალხს არიცხინებდნენ დიდძალი ოდენობით თანხებს.
მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა, განსაკუთრებით ღამის 3 და 4 საათზე იღვიძებდა, გარბოდა ნოტარიუსში და საკუთარ ქონებებს ჩუქნიდა სახელმწიფოსა თუ ხელისუფლებისათვის სასურველ პირებს.
ეს იყო რეჟიმი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, დიდი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, არჩევნების გზით ჩამოაშორა ხელისუფლებას და პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა.
ვინც დღეს „შერიგებასა“ და „ერის გამთლიანებაზე“ საუბრობთ, კარგად განმარტეთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში. საქართველო, ისევე, როგორც ცივილიზებული და დემოკრატიული მსოფლიო, არ შეურიგდება, არ გამთლიანდება ბოლშევიზმთან, ფაშიზმთან და ნაციზმთან. ეს რეჟიმები ისტორიას ჩაბარდა და მის კუთვნილებად იქცა“, - წერს ნანა კაკაბაძე.
16-11-2024
16-11-2024