გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა დაიწყო

15-12-2021

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება.


ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის.

საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად , პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.


„კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს არის ორი მარტივი მოცემულობა. ერთი-შევზღუდოთ მაქსიმალურად წვდომა და შევზღუდოთ პროვოცირება ინტერესის",- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.


პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება. განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.


ამავე პროექტით, ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.


საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.


აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.


საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930