18-12-2021
ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო.
„მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო. ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალები სამოქალაქო დაპირისპირებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა სახელწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო, არის და იქნება, შესაბამისმა სამსახურებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მოსალოდნელი სისხლისღვრა, მოსალოდნელი დესტაბილიზაცია საზოგადოებას თავიდან ავარიდეთ. ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე ნება და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რომ ქვეყანა არასდროს დაბრუნდება ძალადობრივ, უსამართლო და მჩაგვრელ წარსულში. „ქართული ოცნება" არის ერთიანი და ძლიერი გუნდი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი ერთობა, რომელიც ხელისუფლებაში მესამე ვადით არის წარმოდგენილი და 2012 წლიდან მოყოლებული ხალხის ნდობას იმსახურებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.