10-06-2018
უკრაინული გამოცემის, «Зеркало недели»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები, კერძოდ, საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისაგან სამართლიანობის დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებას ითხოვდნენ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ კიევის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლის, ნიკოლაი ზამიკულას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არსებულ მოედანზე გამართულმა სამოქალაქო პროტესტის გამომხატველმა აქციამ სულ მალე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო: მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. შესაბამისად, ქვეყენა მწვავე კრიზისში აღმოჩნდა, საიდანაც გამოსვლა რეალურ გადაწყვეტილებებსა და კომპრომისებს მოითხოვს“, - წერს ავტორი. პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული საპროტესტო აქციის ქრონიკა: მისი მიზეზები, გაჟღერებული განცხადებები, მოწოდებები და ა.შ.
„ქუჩა“ იმ დანაშაულებრივი სისტემის დემონტაჟს მოითხოვდა, რომელიც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებში. თავის დროზე ქვეყნის ხელისუფლება არ აღიარებდა პრობლემის არსებობას და მოსახლეობას მხოლოდ სიტუატიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობდა, ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომლებიც კონკრეტული გადაწყვეტილებით არ იყო განმტკიცებული. შედეგებმაც არ დააყოვნა: ხალხი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა...
საქართველოში სიტუაციის გამწვავების მიზეზები, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად უფრო ფართოა, ვიდრე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული უკმაყოფილება. რომც არ ყოფილიყო კონკრეტული რეზონანსული საქმე (ორი მოზარდის მკვლელობა) ქართველ სამართალდამცველების მიმართ იმდენი პრეტენზია იყო დაგროვილი, რომ ადრე თუ გვიან ასეთი საპროტესტო გამოსვლა მაინც მოხდებოდა. უბრალოდ, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მშობლის - ზაზა სარალიძის მდგომარეობა მოსახლეობისათვის ის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო. სიტუაცია წლითი-წლობით მწვავდებოდა და ბოლოს მასობრივ აქციაში გამოიხატა. მასში პოლიტიკური ძალების ჩართვა და ლოზუნგები იმას მოწმობს, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმატორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარიზმში დაანაშაულა და იგი, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. თუმცა არც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ითვლება დემოკრატი პოლიტიკოსის ნიმუშად. მის მიერ ჩამოყალიბებული პარტიული იერარქია პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას ჰგავს, რომლებსაც დემოკრატიული ტრადიციები აკლიათ (ბელარუსი, რუსეთი, ბოლო დრომდე - სომხეთი). „ქართული ოცნების“ ბოლო წლების მმართველობა იმის ეჭვებს ბადებს, რომ ასეთი მიდგომები მთელი სახელმწიფოს მართვის სისტემაზე ვრცელდება. ფაქტია, რომ ხშირია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც პროკურატურის მოქმედებაში შეინიშნება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება არჩევნების დროს ფართოდ იყენებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს. სწორედ ასეთმა მოქმედებამ უზრუნველყო „ქართული ოცნების“ კანდიდატების ტოტალური გამარჯვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც დემოკრატიული პრინციპების ერთგული იყო ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ (2003 წლის ნოემბერი) დროიდან, ამგვარი ტენდენციები სამომავლო პერსპექტივისათვის მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოების მიზანს მმართველი ძალის დასუსტება წარმოადგენს მანამ, სანამ საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების სრული უზურპირება არ მომხდარა. ეს ამოცანა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მიზნად არის დასახული.
ოპოზიციური პარტიები შექმნილ სიტუაციაში საკუთარი ამბიციების რეალიზების შესაძლებლობას ხედავენ. საქმე ეხება უპირველესად მიხეილ სააკაშვილის პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ე.წ. „მიშისტებს“, რომლებიც ბოლო წლებში „მეოცნებეებს“ პოლიტიკურ ველზე ებრძვიან. აქციების ორგანიზებაში დიდი როლს ასრულებს ზვიად კუპრავა - არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიციის ექს-თანამშრომელი და როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული პიროვნება. სხვა პარტიები, რომლებმაც აქციაში მონაწილეობა მიირეს, მოსახლეობაში შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს, რომელთაგან ზოგი უკვე დაკმაყოფილდა, ზოგს კი, კერძოდ, გამოძიების ობიექტურად წარმართვას და თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამომყენებელი პირების დაკავებას, შესრულების ვადა 10 ივნისს გასდის.
მიაღწევენ თუ არა პროტესტანტები თავიანთი მოთხოვნების რეალიზებას, ეს მათივე ერთიანობაზეა დამოკიდებული. მიტინგმა ცხადყო, რომ კონფლიქტი „მეოცნებეებსა“ და „მიშისტებს“ შორის საქართველოში ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მოსახლეობა ორივე პარტიით იმედგაცრუებულია. თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს როგორმე გაანეიტრალოს პროტესტები და თუ მთავრობა მოახერხებს აქციის ორგანიზატორის - ზაზა სარალიძის საპროტესტო პროცესიდან გაყვანას, აქცია თავისთავად „ჩაქრება“. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კრიზისი გადალახული არ იქნება, რადგან კრიზისის დროებითი დეესკალაცია პრობლემის არსს და მის სიღრმეს ვერ შეცვლის. ამიტომ თუ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენა სურს, ის სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და პოზიციები გადასინჯოს.
საინტერესოა, რომ გარეშე აქტიორებს, რომლებიც ტრადიციულად ახდენენ გავლენას სამხრეთ კავკასიის მოვლენებზე, საქართველოს ამბებისათვის ყურადღება თითქმის არც მიუქცევიათ. როგორც დასავლეთმა, ასევე რუსეთმაც საქართველოს პრობლემებისაგან თავი საკმაოდ შორს დაიჭირეს და მისგან დისტანცირება მოახდინეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ეტაპზე მათ სამხრეთ კავკასიაში არსებული სტატუს-ქვო აწყობთ, ხოლო საპროტესტო მოძრაობას მისი შეცვლა არ შეუძლია.
----------
საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დღეს, მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე რუსულ პრესაში - «Независимая газета»-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერს ანგარიშის ჩაბარებისათვის მხოლოდ ერთი დღე დარჩა: თბილისში შეიძლება აქციები განახლდეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით“ (ავტორი - იური როქსი, წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-06-09/6_7243_georgia.html). ამავე თემას ეხება აზერბაიჯანულ პრესაში - გაზეთ «Азербайджанские известия»-ში დაბეჭდილი სტატია სათაურით „ქართული პროტესტი“ (ავტორი - ნატიგ ნაზიმოღლუ. წყარო: http://www.azerizv.az/news/a-24667.html).