20-12-2021
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
კინორეჟისორი მიიჩნევს, რომ საელჩოების განცხადებები არ არის მიმართული მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, მათ საზოგადოებაც ეცნობა და ეს გარემოება საელჩოს წარმომადგენლების პასუხისმგებლობას ზრდის, და ეს მათ უნდა ესმოდეთ.
ამასთან, მისი აზრით, აშშ-ის საელჩოს ეს კონკრეტული განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რაც საზოგადოებაში უხერხულობას ქმნის.
„ქალბატონი ელჩის განცხადებები ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სხვა ქვეყნის შესახებ საუბრობს, და ეს თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან. საელჩოს განცხადება ელჩის პოზიციასაც წარმოადგენს და მისი თანხმობის გარეშე არ კეთდება.
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი განცხადებები არ არის განკუთვნილი მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ამ განცხადებებს ქართველი საზოგადოებაც ეცნობა, ამიტომ როდესაც განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს გარემოება საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობას ქმნის“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
კინორეჟისორი აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ნება და მხარდაჭერა, კაცმა არ იცის დღეს იარსებებდა თუ არა საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
„ჩვენთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დასაყრდენია, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა, კაცმა არ იცის დღეს საქართველო იარსებებდა თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმ სამეზობლოს გადამკიდე, რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა. წარსულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღევანდელი რუსული იმპერიალიზმის ფონზე, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს, ჯიჯგნის და ანაწევრებს ჩვენ სამშობლოს, აშშ-სთან მეგობრობა, მისი ძლიერი მხარდაჭერა, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკის, პოლიტიკის თუ ნებისმიერ სხვა სფეროში გვიქმნის განცდას, რომ ამერიკის სახით გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა ემყარება სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპებს.
აშშ როგორც დემოკრატიის ფლაგმანი მსოფლიოში, ამ პრინციპების დეკლარირებას ახდენდა ჯერ კიდევ მისი დამფუძნებელი მამების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან დღემდე. ეს არის ჩვენი არჩევანის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, საფუძველი და იმედი.
აშშ-ი ჩატარებულმა უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როგორც ამერიკაში, ისე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, აშშ-ში ამჟამად მოქმედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფოსტით მიცემულ ხმების პრაქტიკასთან და მის შედეგებთან მიმართებით. კრიტიკული მსჯელობა ამ თემებზე ამერიკის მედიაში და საზოგადოებაში, მეტიც, სარჩელების სასამართლო განხილვა არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სხვადასხვა შტატებში დღემდე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ საკითხებზე თავად აშშ-ში, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში და არც რომელიმე სხვა ამერიკის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის საელჩო არ აკადრებდა არც ამერიკის სენატს, არც კონგრესს, არც უზენაეს სასამართლოს თუ რომელიმე შტატის საკანონმდებლო ორგანოს, რომ მათ მიერ მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამ ტიპის ეპითეტებით მოეხსენეიებინა: („პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას“) და ა.შ.“- აღნიშნავს კინორეჟისორი.
გოგა ხაინდრავა განმარტავს, თუ რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა.
მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, თუმცა ეს ყველაფერი დიპლომატიური ეტიკეტის საზღვრებში უნდა დარჩეს.
„სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, კორექტულობის და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს გულისხმობს. როდესაც დიპლომატიური ეთიკის დასაშვები საზღვრები ირღვევა და მეგობრული რჩევები დირექტივების სახეს იძენს, ეს გარემოება ჩვენში წარსულის მძიმე ასოციაციებს იწვევს, განსაკუთრებით ჩემი თაობის წარმომადგენლებში.
დემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, გამოხატოს თავისი პოზიცია ანდა რჩევა მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს თუ სახელისუფლებო შტოს, ნებისმიერ საკითხზე. ბუნებრივია, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებსაც ეხება, თუმცა ეს ყველაფერი დიპლომატიური ეტიკეტის საზღვრებში უნდა დარჩეს.
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი და ესა თუ ის პოზიცია მთელი ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით სარგებლობდეს. განსაკუთრებით ამ უაღრესად რთულ და სახიფათო დროში. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ რუსეთის იმპერიის აგრესიული ქმედებების წინაშე და ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო სქართველოს და უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და მსოფლიოს.
უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით ავღანეთში, ცალსახად მიუთითებს მსოფლიოში აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის მოშლაზე. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეეხოს, ერთი მსოფლხედველობის და მისწრაფებების მქონე ქვეყნების ურთიერთობას, რასაც, პირველ რიგში, ამ ქვეყნების საზოგადოებების რწმენა განაპირობებს, რომ დემოკრატია, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა და სტრატეგიული პარტნიორობა არ განისაზღვრება ქვეყნების სიდიდით ანდა ეკონომიკური თუ სამხედრო სიძლიერით. უფრო მეტი დაკვირვება და დაფიქრება გვმართებს ყველას, რომ ერთმანეთის რწმენა არ დავკარგოთ და ნებსით თუ უნებლიეთ ზიანი არ მივაყენოთ, როგორც პარტნიორი, ისე საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ინფორმაციისთვის, 18 დეკემბერს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას.