23-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას ყოველწლიურად აფინანსებს.
ხაზგასასმელია, რომ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას ყველა ის სტუდენტი იღებს, რომელიც დაფინანსების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კონკურსის გარეშე. დაფინანსების კრიტერიუმის მიხედვით, ფინანსდება ყველა ის სტუდენტი, რომელიც ბოლო 3 წელი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში სწავლობდა, ან საშუალო საფეხურის არ არსებობის შემთხვევაში ახლომდებარე დასახლების სკოლა დაასრულა. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტი აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლობდეს.
სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. თუკი პირველ წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, 2020-2021 სასწავლო წელს მათი რიცხვი 2354-ია, რისთვისაც 4 380 087.50 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება 2021-22 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ ჯამში 20 400 587.50 ლარი გამოყო.
სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2250 ლარით აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ გარდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამისა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სოციალურ პროგრამასაც, რომლის ფარგლებში ფინანსდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად.
16-11-2024
16-11-2024