11-06-2018
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის შეფასებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
2018 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 29.6 პროცენტით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 18.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ჩინეთი - 14.9 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის I კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 69.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 40.2 მლნ. აშშ დოლარით.