საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე აღნიშნულის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია.
მისივე თქმით, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით, მთავრობას კანონით შეუძლია პირს ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაციის გამართვის უფლება შეუზღუდოს.
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.
საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.
ბატონ ზაზა სარალიძის და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი ცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები.
მე სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ქონდეს. მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი.
სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ.
მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ პირველ რიგში იმას ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს.
ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური“- განაცხადა ლომჯარიამ.