გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი გაიხსნა

25-12-2021

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის ცენტრალურ მოედანზე, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.


ხელმძღვანლმა პირებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს, მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ბრწყინვალის
დამსახურებაზე და ღვაწლზე ისაუბრეს.


ღონისძიება ფოლკლორულმა ანსაბლმა „მესხეთმა“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლომსიამ“ გააფორმეს.


გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი პირველია საქართველოში და იგი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ახალციხეში დაიდგა. აღსანიშნავია ძეგლის მხატვრული ღირებულება. იგი თანამედროვე ქართული სკულპტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქანდაკებას ჯერ კიდევ ღირსეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კულტურაში.


ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძე, ძეგლის ავტორი კახა არუნაშვილი, ქალაქის საზოგადოების, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები ესწრებოდნენ.


შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, გასული წლის 29 დეკემბერს, ქალაქ ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგიც მარტში გახდა ცნობილი. საკონკურსო კომისიამ 13 ნამუშევრიდან სამი საუკეთესო შეარჩია:


I ადგილი – კახა არუნაშვილი


II ადგილი – გიორგი ჭანკოტაძე


III ადგილი – ვლადიმერ გორგაძე


შესარჩევი საკონკურსო კომისია ისტორიკოსების, არქიტექტორების, მოქანდაკეების, დიზაინერების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის, ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930