გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ჩვენ ქვეყანას ყველაზე ეროვნული ხელისუფლება ჰყავს ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს არა ვინმეს მითითებით, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იღებს

28-12-2021

ჩვენ ქვეყანას ყველაზე ეროვნული ხელისუფლება ჰყავს ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში - ყველას უსმენს, ყველას ემეგობრება, მაგრამ გადაწყვეტილებებს არა ვინმეს მითითებით, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იღებს, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.


„შესაძლოა ოდნავ ვრცელი პოსტი გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, ღირს დაწერაც და წაკითხვაც. ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების დაცვასა და სტაბილურობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ის ხელისუფლება, რომელსაც ხალხმა მისცა მანდატი და ეს მანდატი პირველ რიგში გულისხმობს, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ ყველა გადაწყვეტილება მიიღოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.


დემოკრატიისა და წესიერი ხელისუფლების ეს დაუწერელი კანონი ყველა ევროპულ ქვეყანაში ზედმიწევნით ზუსტად მოქმედებს. მაგალითად, ანგელა მერკელს, მისი მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში არასოდეს მოუვიდოდა აზრად, სახელმწიფოებრივი ინტერესის დათმობის ხარჯზე მიეღო რაიმე გადაწყვეტილება. და ასე შემდეგ...


ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მუდმივ რყევებს, ომს და ათას უბედურებას გვახსენებს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ საქართველოში ყოველთვის საშიშად ძლიერი იყო საგარეო გავლენები. შორს რომ არ წავიდეთ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ანალიზიც კი საკმარისია ამის დასადასტურებლად. კერძოდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის თავგასულობა მისი არჩევიდან პირველივე წლის შემდეგ „ნაპატიები“ იყო „მეგობრების“ მიერ, რადგან ის უპირობოდ და თავდახრილად ასრულებდა სხვადასხვა საელჩოების ყველა „ბრძანებას“. ნაპატიები იყო ყველაფერი, ადამიანების წამება, მკვლელობები, დარბევები, ინსტიტუციების ტანზე მორგება, დიქტატურაც კი - სანამ ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა არ აევსო და უკვე ვერც ერთი საელჩო ვეღარაფერს გახდა.


მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, არასოდეს მოვრიდებივარ კრიტიკას, როცა ეს საჭიროდ ჩამითვლია. მაგალითად, ლონდა თოლორაიას და მისი მსგავსი, ადეიშვილ-მერაბიშვილის წიაღში აღმოცენებული კადრების შენარჩუნება/დაწინაურება ამ ხელისუფლების დიდ შეცდომად მიმაჩნია. მიზეზი მარტივია - ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს.


ყველაფრის მიუხედავად, დაუნახავი უნდა იყო არ აღიარო, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას ყველაზე ეროვნული ხელისუფლება ჰყავს ბოლო 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ყველა გადაწყვეტილება ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ღიად და პირდაპირ უნდა ვთქვათ - ის კრიტიკა, რაც ელჩების მხრიდან ხშირად ისმის, მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული სარჩულით არ არის განპირობებული.


ძალიან ხშირად ჩვენი მეგობრები ცდილობენ ჩვენ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებას და ეს ნორმალურიცაა. აქ მთავარია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ყველას უსმენს, ყველას ემეგობრება, მაგრამ გადაწყვეტილებებს არა ვინმეს მითითებით, არამედ როგორც ვთქვი, ხალხის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იღებს.


აი ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხალხმა ოცნებას მესამე ვადით, უპირობოდ ანდო ქვეყნის მართვა!!!“, - წერს ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930