გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სირიის შემდეგ აფხაზი სეპარატისტები "დამოუკიდებლობის" აღიარებას იორდანიისგან ელიან; წელს სოხუმში იორდანიიდან ორი ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა

13-06-2018

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ბაშარ-ალ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილების შემდეგ, არ წყდება დისკუსია, კიდევ რომელი ქვეყანა მიბაძავს სირიას და სცნობს საქართველოსგან მათ „დამოუკიდებლობას.“


მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში იმედი აქვთ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, ასეთი ნაბიჯის გადადგმა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, იორდანიასაც შეეძლება.


გასულ კვირას, ოკუპირებულ სოხუმს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც აფხაზური და ჩერქეზული წარმოშობის ბიზნესმენები ალი ბაკიჟი და იცხაკ მული ედგნენ სათავეში.


2018 წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იორდანიის პოლიტიკური და ბიზნესს წრეები საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უხეშად არღვევენ. მარტში, ოკუპირებული აფხაზეთის „საინვესტიციო შესაძლებლობებს“ იორდანიის პარლამენტის ჩერქეზული წარმოშობის დეპუტატის მანსურ საიფ ედინ მურადის (სჟაჟი) მეთაურობით, იორდანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთი დელეგაცია უკვე გაეცნო.


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის (GFSIS) მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ ოფიციალურ თბილისი არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დახვეწა მართებს, რათა სირიის მაგალითს „დომინოს ეფექტი“ არ ჰქონდეს: „სირიის შემდეგ, ამ კუთხით იორდანია მართლაც ყველაზე „სარისკო“ ქვეყანაა. მაგრამ, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იორდანიის სამეფო პროდასავლურად განწყობილი სახელმწოფოა. მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს აშშ-თან, დასავლეთთან და NATO-თან. შესაბამისად, იორდანიასთან ჩვენს დასავლელ პარტიონებთან ერთად არის აქტიურად სამუშაო, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის და ოკეანეთის მიმართულებით. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ, რომლებიც საქართველოზე პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, სადაც რუსეთის გავლენა დიდია. ყველასთვის ნათელია, რომ სირიაში ბაშარ-ალ ასადის რეჟიმმა ჩვენი დამაზიანებელი გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის ძლიერი ზეწოლის შემდეგ მიიღო”.


თურქეთისა და სირიის შემდეგ, აფხაზი და ჩრდილო კავკასიელი მუჰაჯირების ყველაზე მეტი შთამომავალი სწორედ იორდანიაში ცხოვრობს. მათ შორის, ორგანიზებულობით აბაზების გვარი გამოირჩევა. ამ გვარის 300-მდე ოჯახი იორდანიაში საზოგადოებრივ-სოციალურ ასოციაცია „აბაზაში“ არიან გაერთიანებულნი. „აბაზა“ 2010 წლიდან არსებობს და მისი პრეზიდენტი მე-19 საუკუნეში გადახვეწილი მუჰაჯირების შთამომავალი, იორდანიის არმიის თადარიგის ბრიგადის-გენერალი ჰასაბ აბაზა-ჩიჩბაა. ბოლო წლებში იგი ოკუპირებულ აფხაზეთს რამდენჯერმე სტუმრობდა. იორდანიაში აფხაზური ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი პოტენციური რეპატრიანტების მოძიება, მათთვის აფხაზური ენის შესწავლა და „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიცემაა, შემდგომი რეპატრიაციის მიზნით. სეპარატისტები იორდანელ აფხაზებს დასასახლებლად, ქართველი დევნილების მიტოვებულ კარ-მიდამოს სთავაზობენ.


აფხაზური ენის უფასო კურსებს იორდანიაში ჟანა ლეიბა ხელმძღვანელობს. მამამისი და ბიძამისი იორდანიის მოქალაქეები ჰალდუნ და ჰასან ლეიბები 1992-1993 წლებში, ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ და „მეფე ლეონის“ ორდენებით არიან დაჯილდოვებულნი. ჰალდუნ ლეიბა ამჟამად ოკუპირებულ სოხუმში ცხოვრობს.


2015-17 წლებში, საზოგადოებრივ-სოციალურმა ცენტრმა „აბაზამ“ იორდანიის დედაქალაქ ამანში ჯერ აფხაზი სეპარატისტების „პრემიერს“ ბესლან ბუთბას, შემდეგ „რეპატრიაციის კომიტეტის“, ბოლოს კი საერთაშორისო ფონდ „აფსნის“ დელეგაციას უმასპინძლა. აფხაზ სეპარატისტებს ამ ვიზიტების დროს იორდანიის პრინცი ასეფ ბინ ნაიეფი, ახალგაზრდობის მინისტრი მოჰამედ ჰაირ მამსერი, ვაჭრობის მინისტრი მუნირ სობარი, პარლამენტის (წარმომადგენლობითი პალატის) თავმჯდომარე ატეფ ტარავნე და იორდანიაში რუსეთის ელჩი ბორის ბოლოტინი შეხვდნენ.


2018 წლის თებერვალში ამანში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ იორდანიის ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა, ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანელი დეპუტატებისა და ბიზნესმენების უკანონო ვიზიტების გამო.
იორდანიის პარლამენტის (წარმომადგენლობითი პალატის) თავმჯდომარე ატეფ ტარავნესგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი პასუხი მიიღო:
„წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი. იგი არ ასახავს იორდანიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით და გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”.


-----------
საქართველოსა და იორდანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აპრილში დამყარდა. 2009-2011 წლებში, როცა რუსეთი აქტიურად მუშაობდა იორდანიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის კუთხით, ამანში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების. 2012 წელს იორდანიაში საქართველოს პატრიარქიც იმყოფებოდა.



წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930