26-01-2022
ჩვენი მებაჟე ოფიცრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ გლობალურად დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საზღვარზე არ შეფერხებულა ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან პროფესიული დღე მიულოცა მებაჟე ოფიცრებს და ხაზი გაუსვა საბაჟოს როლის მნიშვნელობას.
„პროფესიულ დღეს ვულოცავ საბაჟოს ყველა თანამშრომელს, თითოეულ მებაჟე-ოფიცერს, ვინც ახლაც ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა, თუ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ორ წელზე მეტია, მებაჟე-ოფიცრები მუშაობენ განსაკუთრებულ რეჟიმში - გლობალური პანდემიის პირობებში, როცა მათი სამუშაო დღის წესრიგის მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვასთან ერთად, გახდა ყველაზე მთავარი - ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. როგორც ფინანსთა მინისტრმა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მებაჟე ოფიცრებს იმ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ეპიდემიოლოგებთან, ექიმებთან და მესაზღვრეებთან ერთად", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
აქვე, ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა კორონავირუსის გართულების გამო გარდაცვლილი მებაჟე ოფიცრების გამო.
ფინანსთა მინისტრის თქმით, კოვიდპანდემიის ურთულეს პერიოდში, ქვეყნის წინაშე მდგარი უპრეცენდენტო გამოწვევების მიუხედავად, გასულ წელს ქვეყანამ მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. 2021 წელს, ასევე, 100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების მაჩვენებელმა.
„ამ პროგრესის მიღწევა, შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. ცხადია, საბაჟოს როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფისკალური ფუნქციით. ჩვენი მებაჟე ოფიცრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ გლობალურად დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საზღვარზე არ შეფერხებულა ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. საბაჟოს, ასევე, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის ბიზნეს და ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის პროცესში, რისთვისაც აუცილებელია საბაჟოს მთლიანი სისტემის მოდერნიზაციის შემდგომი გაგრძელება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
16-11-2024
16-11-2024