29-01-2022
საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან.
„გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველანი კარგად ვაანალიზებთ იმას, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარე სამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამის გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
მინდა, რომ კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ბატონო სოსო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და აღვნიშნავ საზეიმოდ ამ საეტაპო მოვლენას. მე ველი, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. დიდი მადლობა, გილოცავთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
16-11-2024
16-11-2024