5-02-2022
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე სახელობითი კენჭისყრით საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს. გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს სხდომა პირდაპირი ტრანსლირებით ცესკოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა დროებითი წევრების არჩევის პროცესს.
საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრება, რომელიც ასევე პირდაპირი ტრანსლირებით წარიმართა; ცესკოს ნებისმიერ წევრს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო კონკურსანტებთან ონლაინ გასაუბრება და ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების საფუძველზე დაედგინა კონკურსანტების უნარ-ჩვევები, საქმისადმი დამოკიდებულება და მოტივაცია, ასევე დეტალურად მიეღო ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არც ცესკოს და არც კონკურსანტებს არ ავალდებულებს კონკურსის მიმდინარეობისას გასაუბრების წარმართვას, თუმცა გასაუბრების ორგანიზება და პირდაპირი ტრანსლირება უშუალოდ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ასახავს რეალურ სურათს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევისას.
შუალედური არჩევნებისთვის სამ, №20 რუსთავის, №21 გარდაბნის და №79 ბათუმის, საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ კონკურსებზე სულ 31 განაცხადი შემოვიდა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე 28 (10 ქალი და 18კაცი) პირი გადავიდა. გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა კონკურსანტმა, პირდაპირ ტრანსლირებაზე თანხმობა 13-მა განაცხადა. გასაუბრება ონლაინ გაიმართა 4 ლოკაციიდან: ცესკოდან, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველად კონკურსანტებთან გასაუბრების გასაჯაროების ანალოგიური გადაწყვეტილება, ცესკომ 2021 წლის საარჩევნო პერიოდში მიიღო.
რაც შეეხება ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დღეს არჩეულ დროებით წევრებს, მათ სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
16-11-2024
16-11-2024