8-02-2022
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის" (Freeride) კვირეულის ფარგლებში მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები მინდინარეობს. ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
„ძალიან სასიხარულოა, რომ სვანეთი, კონკრეტულად თეთნულდი არჩეულ იქნა ლოკაციად, რომელიც დღეს მასპინძლობს ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპებს. ამ ღონისძიებას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ერთის მხრივ გააძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას, გაზრდის მის ცნობადობას, მეორეს მხრივ კი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი კურორტების მზადყოფნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით - რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
შეჯიბრებებში 20 ქვეყნის (შვეიცარია შვედეთი ავსტრია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, გერმანია დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები მცირე - 2-ვარსკვლავიან და დიდ - 4-ვარსკვლავიან შეჯიბრებებს მოიცავს. უფრო კონკრეტულად - მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი შეჯიბრი მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად მიეცემა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ღონისძიების წარმატებით დასრულების შემდგომ საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი ცნობადობა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე და რა თქმა უნდა, ვიხილავთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ჩვენს ზამთრის კურორტებზე", - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.
16-11-2024
16-11-2024