14-06-2018
ასე არ არის, რომ პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა „პირველი არხის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.
მან აღნიშნა, რომ მთავრობის „გადახალისების გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია".
„ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გაცილებით მეტ კონტროლს და პოლიტიკის შემუშავებაში საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის გაცილებით მეტ თანამონაწილეობას გულისხმობს. როგორც ჩანს, სწორედ ამ კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო, რამაც გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ, გადახალისება მოითხოვა. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია", განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვებგვერდი ავრცელებს.
სუბარის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც 12 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ხდებოდა, ის იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების პოლიტიკის გატარება, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, შესაძლებელი იყო, გაცილებით ადრე მომხდარიყო.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მეორე საკითხი მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, ან უშუალოდ პრემიერ მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ერთგვარი შეუთანხმებლობა იყო.
„იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გარეთ ძალიან ხშირად, ღიად გამოდიოდა. ის, რაც გარეთ გამოდიოდა, უფრო პარლამენტს შიგნით დებატები იყო, მაგრამ რაღაცნაირად, გუნდში გარკვეული განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, რამაც ერთგვარად, ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაც განაპირობა", განაცხადა სუბარმა.