გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია EUA-ს სრული წევრი გახდა

11-02-2022

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი გახდა. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია პირველია რეგიონიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც ასოციაციის კოლექტიური წევრია.


გადაწყვეტილება EUA-ს მმართველმა საბჭომ ერთხმად მიიღო. ასოციაციის წევრობას წინ უსწრებდა ხანგრძლივი და რთული შესარჩევი პროცესი, რომლის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია არის დამოუკიდებელი და ქმედითი ერთეული.


EUA-შიევროპის 47 ქვეყნის 850-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაა გაერთიანებული. ეს სივრცე იძლევა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობებს. EUA დიდ გავლენას ახდენს ევროპის ერთიანი უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სივრცის დაზოგადად, ევროგაერთიანების საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაზე. შესაბამისად, საქართველოს პოზიციების გაძლიერება ამ მეტად მნიშვნელოვან ევროპულ ასოციაციაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და დაეხმარება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბურ ჩართულობას ბოლონიის პროცესში.


„EUA-ში გაწევრიანება არის ქართული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის აღიარება. ამით ჩვენ უფრო მეტი ბერკეტი გაგვიჩნდება ზემოქმედება მოვახდინოთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სივრცეში,“- განაცხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა და მასში 35 უნივერსიტეტია გაერთიანებული. კავშირის ფარგლებში დაარსდა ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებში ხარისხის კულტურის განვითარებას დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ წევრებმა, 2021 წელს, მეორე ვადით, თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930