15-02-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „გარემოსადაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწალებელთა გადამზადების პროცესი განაახლა. პროგრამა 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს. გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ.
„პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლები გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვანი თემების სკოლებში სწავლებას აქტიურად დაიწყებენ, რაც ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებმა გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში თავიანთი პასუხისმგებლობა; ასევე, შეისწავლონ ის ფუნდამეტური საკითხები, რაც სწორი და ეფექტიანი აგროწარმოებისთვის არის აუცილებელი”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, 2021 წელს, დაწყებითი საფეხურის 1800 მასწავლებელი უკვე გადაამზადა. პროგრამა ეხმარება პედაგოგებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნონ კლიმატის ცვლილების საკითხებს; იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით; გაიაზრონ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.
16-11-2024
16-11-2024