გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

15-02-2022

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) კვლავ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. ის უკვე მეორედ აირჩიეს და გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში.


საქართველოს პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დღეს  პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს, ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე - რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია: „მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში - ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.  ჩემს კონკურენტს კი წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში. 


ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში.ასევე გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან. ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 


გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს.თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.  გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია, გარდა ამისამას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930