გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

17-02-2022

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა ნატოს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.


მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.


პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031