19-02-2022
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს თავდაცვის რეფორმებს და აყალიბებს თანამედროვე, ნატოსთან თავსებად თავდაცვის ძალებს. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც მიუნხენში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.
16-11-2024
16-11-2024