გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისში, იქ, სადაც ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი და რეკრეაციული, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით

21-02-2022

„ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს და შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევდეს, არის დაჩქარებული პრივატიზების პროცესი. შესაბამისად, გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხება, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აუქციონებზე და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის თბილისის ცენტრში,  ყოფილი, ე.წ. „მიხაილოვის" საავადმყოფო" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილ „მიხაილოვის" სავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილ შენობა-ნაგებობებს ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის (აუქციონის ბმული - https://bit.ly/3v239W3).  ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. აუქციონის საწყისი ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღსანიშნავია რომ ასევე მოხდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა და შენარჩუნება. 
„მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზების პროცესი იყოს თანხვედრაში ჩვენი განვითარების ხედვასთან და ისეთი ტიპის ინვესტიციები განხორციელდეს, რომელიც არის მჭიდრო კავშირში, მაგალითად, თბილისში ტურიზმის განვითარებასთან და ატრაქციის ახალი ადგილების შექმნასთან. ჩვენს გვსურს, რომ რეალურად, ქალაქმა, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი განახლების კუთხით იცვალა იერი და რაზეც მერია მუშაობს ძალიან აქტიურად, შევმატოთ ასევე ისეთი ინიციატივები, რომელიც ჩვენს დედაქალაქს  კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო რუკაზე.  შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთ ადგილას, სადაც  ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი, რეკრეაციული ადგილები გაჩნდეს, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, რაც პოპულარული მიმართულებაა ძალიან ბევრ ქვეყანაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 


მინისტრის შეფასებით, თბილისი ყოველთვის  იყო სახელოვნებო  მიზიდულობის ცენტრი,  მნიშვნელოვნად იყო შენარჩუნებული მისი  კულტურული, სახელოვნებო ტრადიცია და დამატებით ისეთი ატრაქციები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო,  ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ჩამოიყვანს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 


„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ფუნქციურად, ზუსტად ამ ობიექტს - ყოფილი „მიხაილოვის" საავადმყოფოს შენობას ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო საგამოფენო სივრცის სტატუსი. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან კომუნიკაცია, რამდენიმე განაცხადი შესულია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და შესაბამისად, ველოდებით დაინტერესებას აუქციონზე და გამარჯვებულის გამოვლენას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930