25-02-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლება რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. მაშინ ყველა უნივერსიტეტელი - პროფესორები, სტუდენტები, თანამშრომლები ჩართულენი იყვნენ წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ამ ბრძოლებში დაიღუპა თბილისის უნივერსიტეტის 4 სტუდენტი, დაიღუპა პროფესორ გეხტმანის ვაჟი. ჩვენი სტუდენტები ეწერებოდნენ მოწყალების დებად, რომელთაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალი ვანდა ღამბაშიძე. ამ ბრძოლებში დაიჭრნენ უნივერსიტეტის მომავალი რექტორი ნიკო კეცხოველი, ამერიკელი პროფესორი რობერტ ბლეიკი, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და რომელიც მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა, თუმცა, ის მუხტი, რომელიც მაშინ არსებობდა, დღემდე ძლიერია,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეებში სტუდენტებისა და პროფესორების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვასთან ერთად,უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღია იყო ომის საჭიროებათათვის. ამ ლაბორატორიებს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ემსახურებოდნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვალს დაუპირისპირდნენ მე-11 არმიას. ეს ახალგაზრდები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დიდებისთვის. ისინი არიან ჩვენი თაობისთვის სამაგალითონი, თუ როგორ შეიძლება თავი გაწირო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი თაობა არის ამ კვალის გამგრძელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა შეძლებს ამ ადამიანების საქმის ღირსეულად გაგრძელებას,“- აღნიშნა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ალექსანდრე გაბაშვილმა.
101 წლისწინ - 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ფრონტზე მოხალისედ მყოფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, მარო მაყაშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, პავლე ბეშქენაძე, გიო (გიორგი) გამყრელიძე თბილისის დაცვისას დაიღუპნენ. საბჭოთა იმპერიამ საქართველოს განვითარება 70 წლით შეაფერხა.
101 წლის შემდეგ - საქართველოს 20%-ის ოკუპაციასთან ერთად, ახლა უკვე უკრაინაში შეჭრით, რუსეთი კვლავ ცდილობს იმპერიის აღდგენას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში.
16-11-2024
16-11-2024