1-03-2022
საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები.
"ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში არა ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები. გახსოვთ ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო სამწუხაროდ ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა მიატოვეს, უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ არც ერთი წუთით, არა თუ უკრაინა, თავიანთი სამუშაო ადგილები არ მიუტოვებიათ და თავის საქმეს აკეთებდნენ, ამის შემდეგ დაუწყეს მხოლოდ მადლობის გადახდა და ქება. ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევები არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს, შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი - ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და იცით შესაბამისი დოკუმენტები, მხარდაჭერა, ხელმოწერები, რაშიც სხვათა შორის იმ ადამიანებმა, ვინც ამ ე.წ. ტურბულენტობას უზრუნველყოფს, მონაწილეობა არ მიიღეს. ასევე იცით, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ამ ფონზე შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციისთვის და იმ რისკების გაღრმავებას ემსახურება მხოლოდ, რა რისკებიც წინაშეც ამ შემთხვევაში ცივილური სამყარო დგას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024