1-03-2022
პარლამენტის სასახლეში, უკრაინის დასახმარებლად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი უკრაინელი მებრძოლებისთვის სისხლს გაიღებენ. აქციის თაობაზე განცხადებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.
დიმიტრი ხუნდაძე: „დღეს უმძიმესი დღე აქვს არა მარტო უკრაინას და ევროპას, არამედ, რეალური საშიშროება ექმნება მთელს მსოფლიოს. რუსეთის აგრესია გასცდა ყველანაირ საზღვარს. დღეს უკრაინა საქართველოს შემდეგ ამ აგრესიის მსხვერპლია. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის უკვე მერამდენე დღეა. დღეს მსოფლიო ერთიანია და მჯერა, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
დღეს უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. საქართველოს მთავრობამ 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა: მედიკამენტები, სახარჯი მასალები, სისხლის კომპონენტები და სხვა. ბევრია ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, არიან დაშავებული ბავშვები.
გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. აქცია უკვე დაორგანიზებულია და ვიწყებთ დღეს, პარლამენტში B კორპუსი, 017-018-019 ოთახები. აქვე განვმარტავ, რომ პარლამენტში აქცია განხორციელდება დეპუტატებისთვის და პარლამენტის თანამშრომლებისთვის.
გარეთ ახალგაზრდებს სისხლი უდუღთ. ჩვენ შევაგროვებთ და სწორედ ამ მდუღარე სისხლს გავუგზავნით ჩვენს მეგობარ უკრაინელებს. შესაძლოა უკრაინელებს სისხლის დეფიციტს უვსებენ პოლონელები, მოლდოველები და სხვები, მაგრამ მათ ქართველებმაც უნდა გაუგზავნონ საკუთარი სისხლი მხარდაჭერის ნიშნად.
მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, გაუკეთოს ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით, სისხლის ჩაბარების პუნქტებს.
ასევე, მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს, საკუთარი დანაზოგიდან ვინც როგორ შეძლებს, შევაგროვოთ თანხა და უკრაინელ მეგობრებს შევუძინოთ შესახვევი და სამედიცინო მასალები, რომელსაც მათ გავუგზავნით. მინდა ამის ორგანიზება, თქვენთვის გასაგები მიზეზის გამო, ვთხოვო დავით სერგეენკოს.
მსურს გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში!
საქართველო დგას მათ გვერდით და მთელი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება".
16-11-2024
16-11-2024