2-03-2022
„მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში? ან მათ, ვინც შეიძლება დაიღუპოს საქართველოში სამხედრო შეტაკებისას ან ომიანობის შემთხვევაში? ერთხელ მაინც მოუნახულებიათ ქართველი ჯარისკაცების საფლავები ან ქართული ჯარისთვის რამე გაუკეთებიათ?" – ასეთი კითხვით მიმართა ოპოზიციის ნაწილს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს, „მიზანი კი არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა... ჩვენ ვიხილოთ ისევ მტრის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე".
რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობის პერიოდი იყო.
„ამ პერიოდში ქართულ ჯარში იყო უპრეცედენტო აღმავლობა. ყველამ იცის, როგორი ზრუნვა იყო ქართულ ჯარზე, დაწყებული ფორმებიდან, კვებით, შეიარაღებით, გადაიარაღებით დასრულებული, და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ქართულ ჯარში ის ეპოქა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ საბჭოთა „კრაზებით" და ძველი საბჭოთა მანქანებით. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა; მთელი ქმედებები მიმართული იყო იქით, რომ რაც შეიძლება ამაღლებულიყო მოტივაცია ქართულ ჯარში და ჯარში სამსახური გამხდარიყო რაც შეიძლება პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რას ემსახურება ქართული ჯარი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ ქართულ ჯარში მსახურების შესახებ ოპოზიციის დამოკიდებულებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დემორალიზაციის უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა".
„დღეს ეს ხალხი, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელს უშლიდა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ ელემენტარული სამხედრო განათლება... მოუწოდებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და „გირჩის" მამაოდ სთავაზობდნენ გახდომას; ეს ხალხი დღეს საუბრობს ტერიტორიების დაცვაზე და მოგვიწოდებს, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ესკალაცია მოხდეს", – აღნიშნა მან.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, „დღეს, ძალიან მაღალი ალბათობით, საომარ ვითარებაში ვიქნებოდით და განმეორდებოდა ის ტრაგედია, რაც იყო 2008 წელს", რადგან ეს ძალა მზადაა, ყველა სიტუაცია თავისი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენოს. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას გაიყვანს მშვიდობიან ფონზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
16-11-2024
16-11-2024