3-03-2022
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ვასილ ბასილაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა გარემოს, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჰმედ სალიჰ ალ ხამაშსა და მთავარ ვეტერინარ სანად ალჰარდთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის ცხოველური და მცენარეული პროდუქციით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვით ვაჭრობის საკითხები განიხილეს.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სამუშაო ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. „არაბ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში არსებულ კონტროლის სისტემასთან, ვეტერინარულ ღონისძიებებთან, ეპიზოოტიურ და ფიტოსანიტარიულ ვითარებასთან დაკავშირებით, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა. შედეგად, შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოდან საუდის არაბეთში წვრილფეხა პირუტყვთან ერთად, დაშვებულია მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიც. ასევე, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ქართული თაფლისა და მცენარეული პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით," - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
შეხვედრებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი ესწრებოდა.
16-11-2024
16-11-2024