5-03-2022
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 97-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. 1-ლი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.
ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
16-11-2024
16-11-2024