7-03-2022
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ საქართველოს მხრიდან, კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს იყო გაგზავნილი, თუმცა, რუსეთის მხრიდან პასუხი ახლა მოვიდა.
ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგომ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხარისთვის დამატებით არ მიუმართავს.
„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა, ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მითუმეტეს, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან - აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა. ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ, კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს, მას შემდეგ დღემდე ამაზე არ ყოფილა პასუხი, პასუხი იყო ახლა, როცა რუსულმა მხარემ პროაქტიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადები, რომელიც მათ საქართველოდან ჰქონდათ მიღებული, მათზე შესაძლოა დადებითი პასუხის ყოფილიყო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს თემა უკვე დახურულია და სპეკულაციები საჭირო არ არის.
16-11-2024
16-11-2024