9-03-2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ.მ. ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს დანით კისრის არეში დაზიანება მიაყენა და გაგუდა. აღნიშნულის შემდეგ კი, მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანა გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა რ.მ. 2021 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
16-11-2024
16-11-2024