17-06-2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე უწყების გაერთიანება მოხდეს.
ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც მე ამ ეტაპზე შემიძლია დადასტურებით გითხრათ.
ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავდროულად ძალიან ოპერატიული, მოქნილი და მცირე მთავრობა.
როდესაც ვსაუბრობთ მცირე ზომის მთავრობაზე, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც გულისხმობს. ზოგადად, უმჯობესია კონსულტაციების შედეგებს დაველოდოთ“-განაცხადა ბახტაძემ.