გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ათეა-ს ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ეროვნული ასამბლეა გაიმართა

10-03-2022

ათეა-ს ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა.


მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა და ქალაქ თბილისის მერმა - კახა კალაძემ გახსნა.


ათეა-ს პრეზიდენტი, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.


შეხვედრის მონაწილეებმა სხდომის თავმჯდომარედ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, მდივნად კი, ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრი - ნინო ქავთარაძე აირჩიეს.


გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მეორე ვადით, ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი - კახა კალაძე წარადგინა, რომლის კანდიდატურასაც, დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრით დაუჭირა მხარი.


ასევე, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ყველა რეგიონიდან წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონიდან საბჭოს წევრად ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი იქნა არჩეული.


დელეგატებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხსაც, რომელიც ათეას წესდებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. კერძოდ, ასამბლეის მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ასოციაციის მთავარ დოკუმენტში, ტექნიკური საკითხების გარდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპები აისახა.


ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს კონგრესის საერთაშორისო პროგრამების უფროსმა - მარიტე მორასმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, რის შემდეგაც შეხვედრა გიორგი ტყემალაძემ შეაჯამა.


საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა VII ეროვნული ასამბლეა, რომელიც სასტუმროში - „ბილტმორ თბილისი" გაიმართა, ევროპის საბჭოს კონგრესისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოეწყო

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930