17-06-2018
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენას ეხმიანება.
"ბიზნეს-საბჭოს კომპანიები დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მომავალ პრემიერობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს, რომელიც არაერთხელ გვესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ის ჯერ კიდევ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ, ასევე გვქონდა დიდი კონფერენცია საქართველოში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მოვაწყვეთ. მიმდინარე წლის დასაწყისში ბატონი მამუკა, როგორც ფინანსთა მინისტრი ბიზნესსაბჭოს სტუმარი იყო და ჩვენ ვისაუბრეთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე საქართველოში, ძირითადად კი ყურადღება გამახვილდა ისეთი ბიზნეს ინიციატივების მომზადებაზე, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა ამერიკული კომპანიებისთვის, დააინტერესებდა მათ და საინვესტიციო პროფილს მეტად მიესადაგებოდა. ასე რომ, ჩვენ ეს ურთიერთობა უკვე მრავალი წელია გვაქვს და ბუნერივია ველოდებით მის კიდევ უფრო გაღრმავებას მამუკა ბახტაძის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსიდან გამომდინარე პრემიერმინისტრის რანგში,-განაცხადა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა მამუკა წერეთელმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ვაშინგტონში ბიზნესსაბჭოს 21-ე წლიური კონფერენცია და ამერიკის პირველი ქართული ღვინის ფორუმი, სადაც ბიზნესსაბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ღონისძიების აქტიური მონაწილე როგორც საპატიო სტუმარი და მთავარი გამომსვლელი.
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო დარწმუნებულია, რომ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინტეგრაცია საქართველოსთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება და კურსის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
,,არ ველოდებით კურსის ცვლილებას, პირიქით, ველოდებით, რომ ტრაექტორია, რომელიც აღმავალია 1991 წლიდან, კვლავ აღმავალი მიმართულებით გაგრძელდება. ამჟამად ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, დაწყებული ქართული ჯარის წვრთნებით, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ამერიკის მხარდაჭერით და ხელშეწყობით დამთავრებული. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს პოლიტიკური სიახლოვე, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს, გადაიზარდოს უფრო მეტ ეკონომიკურ სიახლოვეში, ჩვენი მიზანია თვისობრივი გარღვევა მოვახდინოთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა.
მამუკა წერეთელი ყურადღებას ამახვილებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. მისი თქმით, დღესდღეობით ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაში და მთავარია, რომ ქართული მხრიდან არ შენელდეს ძალისხმევა , თუმცა ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები და ის, თუ რა მოხდება გლობალურ სავაჭრო სცენაზე, ვინაიდან ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა.
„მიუხედავად ამისა, იგი შესაძებელია აჩენდეს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის და ჩვენი ამოცანაა ამ ძალისხმევის მხოლოდ და მხოლოდ აღმავალი ტრაექტორიით განვითარება.,-განაცხადა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა.